17 ივლისის ღამეს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაურმა, სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე მოძრაობა შეჩერდა "საგანგებო შემთხვევის" გამო. რუსულმა ტელეგრამ არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სულ მცირე ორი აფეთქების ხმა იყო და ხიდის მალის ჩამოვარდნის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.
მოგვიანებით რუსულმა სამთავრობო მედია "ტასმა" აქსიონოვზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხიდზე ორი ადამიანი - ქალი და კაცი, დაიღუპა, მათი ქალიშვილი კი დაშავდა. რამ გამოიწვია "საგანგებო მდგომარეობა" ოფიციალური უწყებები ჯერ არ ამბობენ.
ბელგოროდის მცხოვრებლების დაღუპვის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა რეგიონის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმაც. მისი განცხადებით, დაშავებულ გოგოს, ქალა-ტვინის დახურული ტრავმით, კრასნოდარის მხარეში გადასაყვანად ამზადებენ.
რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტრო აცხადებს, რომ ხიდი დაზიანდა, მაგრამ არ ადასტურებს საყრდენების დაზიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.