უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულებას თქმით, რუსეთი საფრთხეს უქმნის გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას და უკრაინა ყველაფერსშავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებს.
"პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებით, ნიუ იორკში გაეროს პარტნიორებთან გადაუდებელ კონსულტაციებს ვატარებ რუსეთის მარცვლეულის ინიციატივიდან გასვლის შემდეგ, ჩვენს შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით. რუსეთი საფრთხეს უქმნის გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის გადასარჩენად" - წერს კულება.
ცნობისთვის, რუსეთმა შავი ზღვის "მარცვლეულის შეთანხმება" შეაჩერა. კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დღეს განაცხადა, რომ ამის მიზეზი რუსეთთან დაკავშირებული შეთანხმების ნაწილის შეუსრულებლობაა.
"მარცვლეულის შეთანხმება" რუსეთ-უკრაინას შორის, გაეროსა და თურქეთის შუამავლობით, 22 ივლისს სტამბოლში დაიდო. ის უკრაინიდან ხორბლისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტს ითვალისწინებდა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო აფრიკისა და აზიის ქვეყნების ხორბლით მომარაგებისთვის.