უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლამ გამოავლინა მოსკოვის მიზანი, "400 მილიონი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას" სხვადასხვა ქვეყანაში. ერმაკი წერს, რომ ისინი უკრაინულ სურსათის ექსპორტზე არიან დამოკიდებულები.
"მსოფლიომ უნდა გააცნობიეროს, რომ რუსეთის მიზანია შიმშილი და ხალხის მკვლელობა. მათ სჭირდებათ ლტოლვილთა ტალღები. ასე უნდათ დასავლეთის დასუსტება", - თქვა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, ანდრეი ერმაკმა Telegram-ის პოსტში.
ორშაბათს რუსეთმა განაცხადა, რომ ის აჩერებს "მარცვლეულის შეთანხმებას". შეთნახმება გასულ წელს, რუსეთ-უკრაინას შორის, გაეროსა და თურქეთის შუამავლობით, სტამბოლში დაიდო. ის საშუალებას იძლეოდა კიევის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტი და შავი ზღვის ტერიტორიის გავლა უსაფრთხო ყოფილიყო.
გარიგება სამჯერ განახლდა, მაგრამ რუსეთი ამტკიცებდა, რომ მას საკუთარი პროდუქციის ექსპორტში ხელი შეეშალა. ორშაბათს კრემლის პრესსპიკერმა თქვა, რომ მოსკოვი დაუყოვნებლივ დაუბრუნდება შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას მას შემდეგ, რაც შეთანხმების რუსული ნაწილი შესრულდება.