"ოდესაში რუსები თავს დაესხნენ პორტებს, სადაც დაახლოებით მილიონი ტონა საკვები ინახებოდა...", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში საუბრობს.
''...ოდესაში, პორტების ტერიტორიებზე თავდასხმა ადასტურებს, რომ ოკუპანტების სამიზნე არ არის მხოლოდ უკრაინა, ან მხოლოდ ხალხის სიცოცხლე... იმ პორტებში, რომლებსაც დღეს თავს დაესხნენ, დაახლოებით მილიონი ტონა საკვები ინახებოდა... ზუსტად ის რაოდენობა, რაც აზიისა და აფრიკის ქვეყნებში უნდა ყოფილიყო მიწოდებული.
საპორტო ტერმინალში, რომელიც დღეს დაზარალდა, 60 ათასი ტონა აგრარული პროდუქცია ინახებოდა, რომელიც ჩინეთში გასაგზავნად იყო გამზადებული.
რუსული ტერორი ყველას ეხება. ამიტომ მთელი მსოფლიო უნდა იყოს დაინტერესებული, რომ რუსეთი პასუხისგებაში მიეცეს. დიდება ყველას, ვინც იბრძვის უკრაინისა და თავისუფლებისთვის! მადლობას ვუხდი მსოფლიოში ყველას, ვინც მეხმარება! დიდება უკრაინას! '' - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რუსეთმა შავი ზღვის "მარცვლეულის შეთანხმება" 17 ივლისს შეაჩერა. კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ამის მიზეზი რუსეთთან დაკავშირებული შეთანხმების ნაწილის შეუსრულებლობაა.
"მარცვლეულის შეთანხმება" რუსეთ-უკრაინას შორის, გაეროსა და თურქეთის შუამავლობით, 22 ივლისს სტამბოლში დაიდო. ის უკრაინიდან ხორბლისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტს ითვალისწინებდა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო აფრიკისა და აზიის ქვეყნების ხორბლით მომარაგებისთვის.