რუსეთმა ზედიზედ მესამედ დაბომბა უკრაინის სახმრეთით საპორტო ქალაქი ოდესა და მიკოლაევი.
სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, რომ ოდესაზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 2 ადამიანი დაშავდა. საჰაერო ძალების განცხადებით, სულ მცირე 8 რუსული Tu-22M3 ტიპის თვითმფრინავი მოძრაობდა შავი ზღვის მიმართულებით. უწყებამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ არსებობდა ფრთოსანი რაკეტების გაშვების საფრთხე.
მიკოლაევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებით, რუსეთმა ხუთშაბათს დაარტყა ქალაქის ცენტრს. სულ მცირე 18 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის 5 ბავშვია.
თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაჩნდა საცხოვრებელ კორპუსში და პარკინგის სივრცეში. კიმმა თქვა, რომ არიან დაღუპულები, თუმცა დამატებითი ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.