50-მდე სახლისა და კულტურული ძეგლების გარდა, ოდესაში საბერძნეთის საკონსულოც დაზიანდა - ზელენსკის მიმართვა

გამოქვეყნდა:

კვირას ღამით ოდესაზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა თითქმის 50 სახლი, მათ შორის 25 არქიტექტურული ძეგლი და საბერძნეთის საკონსულოს შენობაც - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში.

"მხოლოდ ამ ღამით ოდესაში დაზიანდა თითქმის 50 სახლი, მათგან 25 არქიტექტურის ძეგლია. ისტორიული ცენტრი, მსოფლიო მემკვიდრეობა, რომელიც იუნესკოს მფარველობაშია. დაზიანდა საბერძნეთის საკონსულოს შენობაც. ეს უკვე მეორე საკონსულო დაწესებულებაა, რომელიც რუსული ტერორით დაზარალდა“ თქვა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ 2 დღის წინ, 20 ივლისს, ოდესაზე თავდასხმის დროს, ჩინეთის გენერალური საკონსულო დაზიანდა.

გარდა ამისა, ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ოდესაზე თავდასხმა დაგმო და მხარდაჭერა გამოხატა. მათ შორის, ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებიც დღეს მთელი დღის განმავლობაში, შესაბამის სამსახურებთან ერთად, ასუფთავებდნენ და ნანგრევებისგან წმენდდნენ საკუთარი ქალაქის დაზიანებულ არქიტექტურულ შენობებს. 

ზელენსკი აღნიშნავს, რომ უკვე დაწყებულია მზადება მომავალი კვირისთვის, როცა უკრაინა- ნატოს საბჭოს სხდომა შედგება. იენს სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენტის მოწოდების შემდეგ, საბჭო ოთხშაბათისთვის დანიშნა.

მეტი საჰაერო თავდაცვა უკრაინისთვის, მეტი არტილერია, მეტი დისტანციური იარაღი. ომის დასრულების რეცეპტი აშკარაა: ყველაფერი დამოკიდებულია ყველას ერთიანობასა და მონდომებაზე, ვინც აფასებს თავისუფლებას, კულტურას და სიცოცხლეს - ამბობს ზელენსკი.

გასულ ღამეს, რუსეთმა ოდესა დაბომბა. რუსულმა რაკეტებმა იუნესკოს მიერ დაცული ქალაქ ოდესის 25 არქიტექტურული ძეგლი დააზიანა. მათ შორისაა მე-19 და მე-20 საუკუნეების ნაგებობები. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 22 დაშავდა. დაშავებულებიდან 14, მათ შორის 3 ბავშვი, კლინიკაშია გადაყვანილი. 

დაზიანდა ფერისცვალების ისტორიული ტაძარი, ასევე მეცნიერთა სახლი და სხვა არქიტექტურული ღირსშესანიშნაობები. 

მომხდართან დაკავშირებით, იტალიამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, დაეხმაროს უკრაინას, ოდესის რეკონსტრუქციაში.

UNESCO-მ ოდესაზე თავდასხმას უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ ძალადობის მორიგი ესკალაცია უწოდა.

ცნობისთვის, 25 იანვარს იუნესკომ ქალაქი ოდესა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა. იუნესკოს კონვენციით, წევრები, რომელთა შორისაა რუსეთიც, ვალდებულნი არიან „არ მიიღონ მიზანმიმართული ზომები, რომლებიც პირდაპირან ირიბად აზიანებენ მათ ან კონვენციის სხვა მონაწილე სახელმწიფოს მემკვიდრეობას“.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი