რუსეთში მომხდარ აჯანყებაზე, პუტინმა წინასწარ იცოდა, თუმცა გადამწყვეტი მოქმედება ვერ შეძლო - WP

გამოქვეყნდა:

Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთში მომხდარი სამხედრო არეულობის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2-3 დღით ადრე იცოდა, თუმცა არეულობის დღეს პუტინი "პარალიზებული" იყო და ვერ შეძლო გადამწყვეტი მოქმედებების მიღება. ამის შესახებ გამოცემა უკრაინელ და ევროპელ წყაროებზე დაყრდნობით წერს. როგორც მედიასთან ოფიციალური პირები ყვებიან, არეულობის დღის უმეტეს ნაწილში კრემლიდან ბრძანებები არ გაცემულა.

როგორც მედია წერს, რუსეთის უშიშროების სამსახურებმა პუტინი მინიმუმ ორი-სამი დღით ადრე გააფრთხილეს, რომ ვაგნერის ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი შესაძლო აჯანყებას აპირებდა. გადაიდგა შესაბამისი ნაბიჯები უსაფრთხოების გასაძლიერებლად რამდენიმე სტრატეგიულ ობიექტზე, მათ შორის კრემლშიც, სადაც გაიზარდა საპრეზიდენტო გვარდიის პერსონალი და გაიგზავნა მეტი იარაღი, თუმცა აჯანყების დღეს არანაირი ქმედება არ განხორციელებულა.

"პუტინს ჰქონდა დრო, მიეღო გადაწყვეტილება [აჯანყებულების] ლიკვიდაციისა და ორგანიზატორების დაპატიმრების შესახებ. როცა [აჯანყება] დაიწყო მოხდა პარალიზება ყველა დონეზე...იყო შეშფოთება და დაბნეულობა. დიდი ხნის განმავლობაში, მათ არ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ", - უთხრა გამოცემას ევროპიდან უშიშროების წარმომადგენელმა.

წყაროს თქმით, მკაფიო ბრძანებების გარეშე, ადგილობრივმა სამხედროებმა და უშიშროების ხელმძღვანელებმა თავისით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არ შეეჩერებინათ ვაგნერელები.

წყაროების თქმითვე, ადგილობრივ დონეზე, ბევრს არ სჯეროდა, რომ ვაგნერის აჯანყება შეიძლება მომხდარიყო კრემლთან გარკვეული შეთანხმების გარეშე.

"ადგილობრივი ხელისუფლება არ იღებდა ბრძანებებს ხელმძღვანელობისგან. ჩვენი გადმოსახედიდან ეს არის ყველაზე დიდი ნიშანი რუსეთის შიგნით არსებული არაჯანსაღი მდგომარეობისა. ავტორიტარული სისტემა ისეა ჩამოყალიბებული, რომ ხელმძღვანელობის მკაფიო ბრძანების გარეშე ხალხი არაფერს აკეთებს. როდესაც ხელმძღვანელობაში არეულობაა, იგივე სიტუაციაა ადგილობრივ დონეზე და კიდევ უფრო უარესი", - ამბობს გამოცემასთან უკრაინის უსაფრთხოების მაღალჩინოსანი.

გარდა ამისა, მედია წერს, რომ რომ მოსკოვში ზოგიერთი მაღალი რანგის ფიგურა მზად იყო პრიგოჟინის მხარდასაჭერად და ფიქრობდნენ, რომ მისი მცდელობა უფრო წარმატებული იქნებოდა, თუმცა უსაფრთხოების დაწესებულებაში სხვები შეშინებულები იყვნენ ამბოხების მცდელობით და კრემლის რეაქციით. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ის რუსეთს ღრმა არეულობისკენ წაიყვანდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი