რუსეთში, დონის როსტოვში, უკრაინული ბატალიონის, „აიდარის“ ტყვედ ჩავარდნილი მებრძოლების სასამართლო პროცესი დაიწყო. საქმეს სამხრეთის რაიონული სამხედრო სასამართლო განიხილავს.
ოკუპანტები ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მიერ გამოგონილი „სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევისთვის" 18 უკრაინელ პატიმარს ასამართლებენ. კერძოდ, მათ ბრალად ედებათ „ხელისუფლების ძალის გამოყენებით ხელში ჩაგდება და კონსტიტუციური წესრიგის შეცვლა“, ასევე „ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა“.
ბატალიონ „აიდარის“ პრესსამსახურის განცხადებით, დატყვევებული მებრძოლების გათავისუფლების საკითხი ბატალიონის სარდლობის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული ამოცანაა -"გარწმუნებთ, რომ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა რესურსს, გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რომ ყველა ჩვენი მებრძოლი რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს სახლში“, - ნათქვამია ბატალიონის განცხადებაში.
მათივე ცნობით, უკრაინელი ტყვეების გათავისუფლებაზე მუშაობა უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან, უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთან, სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბთან და სხვა სტრუქტურებთან კოორდინაციით მიმდინარეობს.
უკრაინის ომბუდსმენის, დმიტრო ლუბინეცის განცხადებით, ამჟამად რუსეთი კატეგორიულ უარს ამბობს 2022 წლის 24 თებერვლამდე დატყვევებული პირების გაცვლაზე.