NATO-უკრაინის საბჭო გმობს რუსეთის ცალმხრივად გასვლას მარცვლეულის შეთანხმებიდან და უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურის დაბომბვას. ალიანსმა განცხადება საბჭოს შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.
"ალიანსის წევრებმა აღნიშნეს, რომ რუსეთისთვის ახალი გამაფრთხილებელი ზონა შავ ზღვაში ბულგარეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში ქმნის არასწორი გაანგარიშებისა და ესკალაციის ახალ რისკებს, ასევე სერიოზულ დაბრკოლებებს საზღვაო გადაადგილების თავისუფლებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
NATO მიესალმება თურქეთის ძალისხმევას მარცვლეულის შეთანხმების აღსადგენად და ბულგარეთის, რუმინეთის და ალიანსის სხვა წევრების ქმედებებს, რათა უზრუნველყონ უკრაინული მარცვლეულის შეუფერხებელი ექსპორტი სახმელეთო და საზღვაო გზით.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებმა დაადასტურეს, რომ გააგრძელებენ გაძლიერებულ მეთვალყურეობას და დაზვერვას შავი ზღვის რეგიონში, კერძოდ, საზღვაო საპატრულო თვითმფრინავების და დრონების დახმარებით.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით, მას შემდეგ მოიწვია NATO-უკრაინის საბჭოს სხდომა, რაც რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან გამოვიდა და დაიწყო უკრაინის პორტების დაბომბვა, საზღვაო ექსპორტის დაბლოკვა.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ კრემლი შესაძლოა ამზადებს ცრუ დროშის ოპერაციას შავ ზღვაში სამხრეთ უკრაინის პორტის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების სერიის ფონზე. ანალოგიური განცხადება გააკეთა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმაც.