ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) განცხადებით, დიდი ალბათობით, რუსეთს არ აქვს შესაძლებლობა რომ შავი ზღვის ბლოკადა განახორციელოს. როგორც ISW-ის ყოველდღიურ მიმოხილვაში ვკითხულობთ, რუსეთი შავი ზღვის ფლოტს აძლიერებს, რათა შეძლოს გემების იძულებით გაჩერება და ჩხრეკა, ასევე გააზარდოს კონტროლი რეგიონში.
განახლებაში წერია, რომ მანამდე ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მედია ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული გემები შავ ზღვაში უკრაინის პორტების სრული ბლოკადისთვის ემზადებიან, რასაც, ISW-ის ვარაუდით, რუსეთი ვერ შეძლებს.
"შავ ზღვაში უკრაინის სრული ბლოკადა ნიშნავს, რომ რუსეთის ძალებმა ცეცხლი გაუხსნან ყველა გემს, რომლებიც უკრაინისკენ მიემართებიან. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა ამ მასშტაბის ბლოკადა განახორციელოს, რომელიც სამხედრო კონფლიქტს გამოიწვევს შავი ზღვის სანაპიროს ქვეყნებთან, მათ შორის, NATO-ს წევრ რუმინეთთან, ბულგარეთთან და თურქეთთან, რომლებთან პირდაპირი დაპირისპირების თავიდან აცილებაზეც რუსეთი აქამდეც ბევრს მუშაობდა", - წერს ISW.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტი უკრაინის კონტრშეტევაზეც წერს და აღნიშნავს, რომ 26 ივლისს, უკრაინის სამხედრო ძალებმა ძლიერი მექანიზებული კონტრშეტევა წამოიწყეს ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთ ნაწილში. მათივე ცნობით, უკრაინელებმა მოახერხეს და გაარღვიეს რუსების მიერ წინასწარ მოწყობილი თავდაცვითი პოზიციები ორეხოვის სამხრეთით.