შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯიმ ო’ბრაიენმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რომ მართლმსაჯულების რეფორმა არის ერთ-ერთი მთავარი პირობა, რათა საქართველომ პროგრესი განიცადოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
მას სენატორმა ჯინ შაჰინმა ჰკითხა: 2024 წელს არჩევნებია. რა კეთდება იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ინსტიტუტები გააძლიეროს?
"როგორც იცით, აშშ-მა სანქციები დაუწესა რამდენიმე მოსამართლეს იმის გამო, რომ ისინი მთელ სასამართლო სისტემას აკონტროლებდნენ. მართლმსაჯულების რეფორმა არის ერთ-ერთი მთავარი პირობა საქართველოსთვის, რათა ამ ქვეყანამ პროგრესი განიცადოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ ვმუშაობთ ევროკავშირთან ერთად და საქართველოს ხელისუფლებას ნათლად განვუცხადეთ, რომ მოსამართლეების დანიშვნა და მონიტორინგი საკვანძო სფეროა. გარდა ამისა, მე შევხვდი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და აქტივისტებს. ეს ხალხი გამოხატავს საქართველოს მოსახლეობის 90%-ზე მეტის აზრს. საქართველოში ევროპულ მომავალთან დაკავშირებით პოლარიზაცია არ არსებობს. ახლა საჭიროა, რომ ხალხმა, რომელსაც ეკონომიკური ინტერესები აქვს და რომლებსაც მთავრობა ზურგს უმაგრებს, უნდა გააცნობიეროს, რომ რეფორმები საჭიროა ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ასე რომ, ჩვენ ვმუშაობთ ევროპელ კოლეგებთან, რათა ის პირობები, რომლებიც მათ წაუყენეს საქართველოს, ასევე აისახებოდეს ჩვენს მიერ გაწეულ დახმარებაში. ამ მხრივ მიმდინარე წლის შემოდგომა იქნება მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ მოვისმენთ ევროპული საბჭოს მოხსენებას", - თქვა ჯიმ ო’ბრაიენმა
ცნობისთვის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლები თბილისში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ივნისის თვეში ეწვივნენ. იხილეთ ასევე: