New York Times-ის ცნობით, უკრაინის ჯარებმა კონტრშეტევის ძირითადი ფაზა დაიწყეს. ინფორმაციას გამოცემა ორ ამერიკულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, დასავლეთის მიერ გაწვრთნილი სამხედრო პერსონალი და დასავლური აღჭურვილობა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთნენ. აქამდე ეს აღჭურვილობა, ძირითადად, რეზერვში იყო.
უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა აშშ-ს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მათი ძალები ცდილობენ წინ წაიწიონ რუსულ დანაღმულ ველებზე და თავდაცვის ხაზებზე ქალაქ ტოკმოკის მიმართულებით. წარმატების შემთხვევაში, მათ გზა მელიტოპოლის მიმართულებითაც გაეხსნებათ.
პენტაგონელი მაღალჩინოსნების ინფორმაციით, შეტევის მიზანია, რომ უკრაინელებმა ის კორიდორი დაიკავონ, რომელიც რუსების მიერ ოკუპირებულ რეგიონებს ანექსირებულ ყირიმთან აკავშირებს.
"უკრაინული სამხედრო ძალების ახალ ოპერაციას, შესაძლოა, ორი ან სამი კვირა დასჭირდეს", - წერს New York Times.