ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ყურადღება მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ პრობლემებზეა გამახვილებული.
"სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობა და სასამართლო სისტემაში პოლიტიკური ჩარევა, განსაკუთრებით გახმაურებულ საქმეებში, შეშფოთების საგანია. მოსამართლეების დანიშვნის პროცესის მთლიანობის შესახებ შეშფოთება... ძირს უთხრის ინვესტორების ნდობას სასამართლო სისტემის მიმართ. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულების უზრუნველსაყოფად,ყოვლისმომცველი სასამართლო რეფორმის ჩატარებაზე ხელისუფლების ყოყმანი, კიდევ უფრო უთხრის ძირს სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართ ნდობას", - ნათქვამია ანგარიშში.
სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ "კომპანიები უჩივიან მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტურ პროცესებს, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებაში ხარვეზებს, ეფექტური ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ნაკლებობას, პოლიტიკურ ჩარევას, კანონებისა და რეგულაციების შერჩევით აღსრულებას".
სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშში წერს, რომ რომ აშშ-მა სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე "მნიშვნელოვან კორუფციაში" ჩართულობის გამო დაასანქცირა.
სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიშები ეხმარება ამერიკულ კომპანიებს ინფორმირებული ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებაში, უახლესი ინფორმაციის მიწოდებით 165-ზე მეტი ქვეყნისა და ეკონომიკის საინვესტიციო კლიმატის შესახებ, რომლებიც ამჟამინდელი ან პოტენციური ბაზრებია ამერიკული კომპანიებისთვის.