
საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ბათუმში, კრუიზით ჩამოსული ოკუპანტების წინააღმდეგ გამართულ პროტესტზე ამბობს, რომ ქართველი ხალხის რეაქცია არავის უნდა გაუკვირდეს.
"რუსული საკრუიზო ლაინერის შემოსვლას ბათუმში მოჰყვა რეაქცია საქართველოს მოქალაქეებისგან და ვფიქრობ, ეს რეაქცია ბუნებრივი იყო. ქართველები არაჩვეულებრივი, სტუმართმოყვარე ხალხია, მაგრამ არავინ უნდა ელოდოს, რომ ეს ხალხი სიამოვნებით დახვდება აქ ადამიანებს, რომლებმაც მათი მიწების ოკუპაცია მოახდინეს და ხელს უშლიან ადამიანებს, რომ სახლში დაბრუნდნენ. ამიტომ, ვთვლი, რომ ხალხის ასეთი რეაქცია არავის უნდა უკვირდეს", - თქვა დეგნანმა.
ცნობისთვის, ბათუმში გუშინ შემოვიდა საკრუიზო ლაინერი "ასტორია გრანდე". მან ნავსადგური საღამოს აქციის ფონზე დატოვა. აქცია მოქალაქეებმა მას შემდეგ დაგეგმეს, რაც სოჭიდან შემოსული გემის მგზავრებმა მედიასთან კომენტარის დროს თქვეს, რომ რუსეთი ოკუპანტი არაა, რომ ჩვენ ყველა საბჭოთა კავშირი ვართ, რომ რუსებმა აფხაზეთი ჩვენგან "გაათავისუფლეს". ერთ-ერთმა მგზავრმა "მთავარ არხს" უთხრა, რომ თავადაც ნამყოფია აფახზეთში, რაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევაა.
ამავე თემაზე: