31 ივლისს საკრუიზო ლაინერის Astoria Grande-ს კიდევ ერთი მოგზაურობას სამოქალაქო აქტივისტები აქციით დახვდებიან.
ამჯერად საკრუიზო ლაინერით, საქართველოში რუსი პროპაგანდისტები აპირებენ შემოსვლას.
სამოქალაქო აქტივისტების თქმით, მათ საპროტესტო აქციის ორგანიზება უკვე დაიწყეს და გემს აქციით დილის 6:00 საათზე დახვდებიან.
"31-ში, დილის 6 საათზე ისევ აპირებს რუსული კრუიზი შემოსვლას. ისევ და კიდევ უფრო მობილიზებული დავხვდებით ამ ამბავს, უკვე დავიწყეთ აქციების ორგანიზება. დავინახეთ, რომ სტუმრები, ვინც გვეწვივნენ რუსეთიდან იყვნენ პროპაგანდისტები, ისინი არ აღიარებდნენ, რომ რუსეთი ოკუპანტია და უარესსაც ამბობდნენ, რომ ისინი 90-იანებში აფხაზეთს და აფხაზ ერს იცავდნენ ჩვენგან. ეს მხოლოდ დასაწყისია და რაც უფრო მეტი გემი და ხომალდი შემოვა ჩვენთან, მით უფრო უარესი იქნება და უარესი პროპაგანდა წამოვა," - ამბობს ლუკა ნაცვლიშვილი.
ცნობისთვის, ბათუმში საკრუიზო ლაინერი "ასტორია გრანდე" პირველად 27 ივლისს შემოვიდა. მან ნავსადგური საღამოს აქციის ფონზე დატოვა. აქცია მოქალაქეებმა მას შემდეგ დაგეგმეს, რაც სოჭიდან შემოსული გემის მგზავრებმა მედიასთან კომენტარის დროს თქვეს, რომ რუსეთი ოკუპანტი არაა, რომ ჩვენ ყველა საბჭოთა კავშირი ვართ, რომ რუსებმა აფხაზეთი ჩვენგან "გაათავისუფლეს". ერთ-ერთმა მგზავრმა "მთავარ არხს" უთხრა, რომ თავადაც ნამყოფია აფხაზეთში, რაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევაა.
ავტორი: ზურა პეტროსიანი