
"ამერიკულ გემსაც ასე დაიცავდნენ? რა თქმა უნდა, არა. მეგობრებს იცავენ მხოლოდ ასე თავგამოდებით", - ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლების" ერთ-ერთი ლიდერი ბორის "ჩელე" ყურუა სოციალურ ქსელში წერს და ბათუმში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
"უბრალოდ დაფიქრდით, ამერიკულ გემსაც ასე დაიცავდნენ? გერმანელებით, იტალიელებით, ფრანგებით ან შვედებით გავსებულ კრუიზსაც? ქაჯებს დაუძახებდნენ აქტივისტებს? ჯებირებს აღმართავდნენ და პოლიციელების არმიას უბრძანებდნენ პროტესტანტების დაგლეჯას? რა თქმა უნდა არა. მეგობრებს იცავენ მხოლოდ ასე თავგამოდებით და გამალებით", - წერს ბორის "ჩელე" ყურუა.
ამ წუთებში, ბათუმის პორტთან მყოფი აქტივისტების ინფორმაციით, ადგილზე გამოჩნდნენ რობოკოპები. მანამდე, რეგიონულმა გამოცემა TV25-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ადგილზე სპეცრაზმის მობილიზება დაიწყო.
იქ ამ დრომდე პოლიციის უპრეცედენტო მობილიზებაა. მანამდე ადგილზე ხმაური და დაპირისპირება იყო. პოლიცია სამოქალაქო აქტივისტებს, მოქალაქეებსა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს პორტის ტერიტორიაზე მისვლის შესაძლებლობას არ აძლევდა. პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე უკვე დააკავა.
აქციის მონაწილეები მოქალაქეებს პორტის ტერიტორიაზე მისვლისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ "დღეს წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი და მომავალი".
მანამდე რუსული საკრუიზო ლაინერის დასახვედრად, ბათუმის პორტთან ორმაგი ბარიკადები აღმართეს. როგორც ადგილზე მყოფი სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ყვებიან, ადგილზე პოლიციის მობილიზებაცაა და ისინი რუსების დასახვედრად ემზადებიან. მათივე თქმით, ბარიკადები გზის სავალ ნაწილამდე გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ საკრუიზო გემი, რომელიც ქვეყანაში 800-ზე მეტ რუსს შემოიყვანს, სოჭიდან ბათუმის პორტში, 31 ივლისს, გამთენიას, 07:00 საათზე შევა.
ცნობისთვის, მანამდე, საკრუიზო ლაინერი Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა. გემზე 800-ზე მეტი რუსი ტურისტი იმყოფებოდა, რომლებსაც ოკუპაციის კანონი დარღვეული აქვთ. ბათუმის პორტში მოქალაქეები საკრუიზო გემის ჩამოსვლას მოქალაქეები მაშინაც პროტესტით დახვდნენ.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, კომპანია, რომელიც საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს ფლობს, აშშ-სა და უკრაინის მიერაა სანქცირებული.
იხილეთ ასევე: