
"ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ქვეყანაში არეულობა სურს, რუსული დავალებების შემსრულებელი საოკუპაციო რეჟიმია, რუსული ოცნების სახით", - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ბათუმში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
რატომ არ აფრთხილებს მთავრობა რუსულ გემს, რომ არ ღირს ბათუმში გაჩერება, შექნილი ვითარების გამო?
ზუსტად იმავე ლოგიკით, რომლითაც გამაფრთხილებელი აქციის შემდეგ, გავრილოვი ჩასვა კობახიძემ მის სავარძელში; იგივე ლოგიკით, რომლითაც დაჩქარებული წესით მიიღეს რუსული კანონი...
ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ამ ქვეყანაში არეულობა და რადიკალიზაცია სურს, რუსული დავალებების შემსრულებელი საოკუპაციო რეჟიმია, რუსული ოცნების სახით, - წერს სალომე სამადაშვილი.
ბათუმის პორტში პროტესტი გრძელდება. ადგილზე ამ დრომდე პოლიციის უპრეცედენტო მობილიზებაა. მანამდე ადგილზე ხმაური და დაპირისპირება იყო. პოლიცია სამოქალაქო აქტივისტებს, მოქალაქეებსა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს პორტის ტერიტორიაზე მისვლის შესაძლებლობას არ აძლევდა. პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.
აქციის მონაწილეები მოქალაქეებს პორტის ტერიტორიაზე მისვლისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ "დღეს წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი და მომავალი".
შეგახსენებთ, რომ საკრუიზო გემი, რომელიც ქვეყანაში 800-ზე მეტ რუსს შემოიყვანს, სოჭიდან ბათუმის პორტში, 31 ივლისს, გამთენიას, 07:00 საათზე შევა.
ცნობისთვის, მანამდე, საკრუიზო ლაინერი Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა. გემზე 800-ზე მეტი რუსი ტურისტი იმყოფებოდა, რომლებსაც ოკუპაციის კანონი დარღვეული აქვთ. ბათუმის პორტში მოქალაქეები საკრუიზო გემის ჩამოსვლას მოქალაქეები მაშინაც პროტესტით დახვდნენ.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, კომპანია, რომელიც საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს ფლობს, აშშ-სა და უკრაინის მიერაა სანქცირებული.
იხილეთ ასევე: