უკრაინელი დიპლომატები საქართველოში, ბათუმში საპროტესტო აქციის დროს დაკავებული უკრაინელი მარინა ჩობანიანის გათავისუფლებას ცდილობენ, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ RBC-Ukraine-სთან ისაუბრა.
მისივე თქმით, კონსულმა უკრაინელი ქალის მონახულების ნებართვა მოითხოვა, რათა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმოს.
"საქართველოში უკრაინის საელჩო მუშაობს უკრაინელი მოქალაქის საქმეზე, რომელიც ქ. ბათუმში საპროტესტო აქციაზე დააკავეს. კონსულმა უკრაინელი ქალის მონახულების ნებართვა მოითხოვა, რათა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმოს. პარალელურად დიპლომატები გათავისუფლების საკითხზე მუშაობენ" - ამბობს ნიკოლენკო.
ცნობისთვის, 31 ივლისს ბათუმის პორტში გამართულ აქციაზე პოლიციამ ჯამში 23 პირი დააკავა. მოქალაქეები ბათუმში საკრუიზო ლაინერით რუსი ტურისტების, მათ შორის პუტინის მხარდამჭერი არტისტების შემოსვლას აპროტესტებდნენ.