
უკრაინის პრეზიდენტი ტვიტერზე გამოქვეყნებული განცხადების შემდეგ, აგვისტოს ომის 15 წლის თავს, საღამოს გავრცელებულ ტრადიციულ ვიდეომიმართვაშიც ეხმაურება.
ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ჯერ კიდევ 15 წლის წინ, მსოფლიოს რომ სათანადო რეაქცია ჰქონოდა ამ აგრესიაზე, დღეს ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. ზელენსკი მადლობას უხდის ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის და ქართველ მებრძოლებს, რომლებიც ახლა უკრაინაში იბრძვიან:
"7 აგვისტო. ყოველწლიურად ამ დღეს მსოფლიო იხსენებს რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ. უკვე 15 წელი გავიდა. რუსული ოკუპაცია რჩება - ეს ჭრილობა ქართული სახელმწიფოს სხეულზე რჩება. უკვე ბევრი სიტყვა ითქვა იმაზე, რომ სამყარო გადამწყვეტი რომ ყოფილიყო მაშინ, 2008 წელს, ბევრი რამ სხვაგვარად იქნებოდა. მაშინაც კი, რუსეთს უნდა გაეგო, რომ აგრესორი ყველაზე მეტს იხდის აგრესიაში...
როდესაც უკრაინა მოიგებს ამ ომს, ის არა მხოლოდ შეაჩერებს რუსეთის აგრესიული მადის გაფართოებას, არამედ გადაარჩენს სხვა ქვეყნებს იმისგან, რასაც ჩვენ გავდივართ - უკრაინა, საქართველო და მოლდოვა. ჩვენი გამარჯვება - მოხსნის რუსულ ოკუპაციას.
უკრაინელები სოლიდარულები არიან ქართველი ხალხის მიმართ და მადლობას ვუხდი საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც ჩვენთან ერთად იცავს თავისუფლებას! და განსაკუთრებით მათ, ვინც იბრძვის უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალებში!
გაიმარჯვებს თავისუფლება, გაიმარჯვებს საქართველო, გაიმარჯვებს უკრაინა!" ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.