სიცრუის დეტექტორზე ერთი ტყუილიც რომ გაეპაროს, ხმას აღარ ამოვიღებ, სამუდამო მიუსაჯონ - შაქარაშვილის საქმე

გამოქვეყნდა:

დღეს, 12 აგვისტოს მცხეთის სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულებთა წინა სასამართლო სხდომის თარიღი ჩაინიშნება. სხდომას დღეს ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი და 2 არასრულწლოვანიც დაესწრებიან - ისინი, ვისაც გამოძიება ახლა სისხლის სამართლის 109 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება.

მცხეთაში დღეს არჩილ გაგნიძის ადვოკატები ჩავლენ, ისინი ამბობენ, რომ პროკურატურის გადაწყვეტილების მიუხედავად, ჩამოაცილოს ისინი ამ საქმეს, თავად გაგნძის მოთხოვნის გარეშე ეს არ მოხდება. პროკურატურამ გუშინ, შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატებს გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე ხელისმოწერა მოსთხოვა, თუმცა სამი ბრალდებულის ადვოკატი ამ მოთხოვნას არ დაემორჩილა. 

პროკურატურა საქმის მასალებს მალავს და ადვოკატებს ამიტომ იშორებს, ამბობს არასწრულწლოვანი ზ.ხ.ს მამა. იგი არ არის თანახმა, რომ მისი შვილი სახაზინო ადვოკატმა დაიცვას. არასრულწლოვნის მამას სურს, მისი შვილი სიცრუის დეტექტორზე გამოიკითხოს და ამბობს, რომ ამის ხარჯებს თავად დააფინანსებს, ასევე, მას სურვილი აქვს, სიცრუის დეტექტორზე გამოკითხოს გურამ ამირხანაშვილი, რომლის ჩვენების საფუძველზეც მოხდა ბრალის დამძიმება. 

მანამ ასე ჭირდებოდათ, ჩემს შვილს რომ აბრალებდნენ, მკვლელი, სისხლისმსმელი და მანიაკი, მაშინ ჭირდებოდათ, ხალხს გაეგო ყველაფერი, ახლა, არაფერი მტკიცებულებები რომ აღარ აქვთ, ხალხს უნდათ დაუმალონ საქმე. მოვითხოვ, მე თვითონ ავანაზღაურებ, ჩემს შვილს გავატარებ სიცრუის დეტექტორზე, მეც რომ დავრწმუნდე, რომ მართალია ჩემი შვილი, ერთი ტყუილიც თუ გაეპარა, უმნიშვნელო ტყუილი, ხმას აღარ ამოვიღებ, სამუდამო მიუსაჯონ, - ამბობს თამაზ ხომასურიძე.   

იგი მცხეთის სასამართლოში ჩასვლას არ აპირებს, რადგან გამოძიებას არ ენდობა. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე 5 დაკავებულს, მათ შორის, ორ არასრულწლოვანს ბრალი 11 აგვისტოს დაუმძიმდა. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრეს. საგამოძიებო უწყებამ სპეციალური ვიდეორეკონსტრუქციაც გაავრცელა.

პროკურატურის ვერსიას ენდობა შაქარაშვილის ოჯახი. მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ მათ პრეტენზიები კითხვები გამოძიებასთან არ აქვთ და ამბობს, რომ პროკურატურამ დანაშაული გახსნა.

19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი