"პუტინთან მოლაპარაკება შეუძლებელია... რუსეთი უნდა დაინგრეს, როგორც თანამედროვე კართაგენი", - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი იტალიურ გამოცემა la Repubblica-თან ინტერვიუში საუბრობს.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, ცდილობენ თუ არა პარტნიორები, რომ უკრაინის ხელისუფლება რუსეთთან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების გამართვაში დაარწმუნონ, დანილოვმა უპასუხა, რომ პარტნიორების მხრიდან ზეწოლის შესახებ ინფორმაცია დაუდასტურებელია.
"ზეწოლის შესახებ ცნობები არაფრით დასტურდება. ის მხოლოდ ინტერნეტში ვრცელდება. არ ვიცი, ეს შეიძლება რუსული ტროლების არმიის საქმეა, მაგრამ, ვიცი, რომ პარტნიორებს მოლაპარაკების გამართვასთან დაკავშირებით მოთხოვნა არ წამოუყენებიათ. უკრაინა ამ პრობლემას დამოუკიდებლად მოაგვარებს - პუტინთან ყველანაირი მოლაპარაკება შეუძლებელია. რუსეთი უნდა დაინგრეს, როგორც თანამედროვე კართაგენი", - განაცხადა დანილოვმა.