სავარაუდო სამოხელეო დანაშაული - "ლელო" პროკურატურას შოვთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნდა:

პარტია "ლელოს" შეფასებით, აუცილებელია, რომ შოვის ტრაგედიაზე გამოძიება საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყოს. პარტიის წევრმა, ლევან სამუშიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი შოთაძეს მოუწოდა, რომ განმარტონ, ამ დრომდე რატომ არ იწყება გამოძიება შსს-ს მაღალჩინოსნების მხრიდან სავარაუდო სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით.

"მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურატურას. ნუ, აიცილებთ თავიდან გამოძიების დაწყებას. პირდაპირ გეუბნებით, ნუ, ჩადიხართ დანაშაულს, ვინაიდან, გამოძიების განზრახ არდაწყება, სამსახურებრივი უფლებამოსილების განზრახ არგანხორციელება, ესეც დანაშაულია. 

მინდა მივმართო მმართველი გუნდის წარმომადგენლებს კიდევ, სირცხვილია ყველაფრის გაპრავება. ამორალურია ყველაფრის გაპრავება. ამორალურია ის, რასაც თქვენ აკეთებთ. ამორალურია, როცა გამოძიების მაგივრად სცემთ საზოგადოებას პასუხებს და გამოძიებაზე საერთოდ არაფერს ლაპარაკობთ. ამორალურია ეს ყველაფერი და მოგიწოდებთ, რომ დაოკდეთ და ხელს ნუ შეუშლით გამოძიებას," - განაცხადა სამუშიამ საგანგებო ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული მონაცემებით, შოვის სტიქიას 26 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 23 იდენტიფიცირებულია. ეძებენ მინიმუმ 7 ადამიანს. დაკარგულებსა და დაღუპულებს შორის არიან ბავშვები. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია ევაკუირებული. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა დაწყებული. 

ოპოზიციის ნაწილი შოვის ტრაგედიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი