რატომ არ უჭერს "ოცნება" მხარს რაჭის სტიქიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას | კობახიძის განმარტება

გამოქვეყნდა:

რატომ არ უჭერს "ქართული ოცნება" მხარს რაჭის სტიქიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას - როგორც შოვში მყოფმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან თქვა, თუ შეკითხვები "სტანდარტული გამოძიების" დასრულების შემდეგაც დარჩება, საგამოძიებო კომისიის შექმნა რეკომენდირებული მხოლოდ ამის შემდეგაა. 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე საქმე საწყის ეტაპზეა, რადგან მნიშვნელოვანი ინფორმაცია და მტკიცებულებები ჯერ არ არსებობს.  

აქვე, კობახიძემ თავდაპირველად თქვა, რომ საქმეს პროკურატურა იძიებს, თუმცა მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტი ჩაეკითხა და უთხრა, რომ გამოძიება შსს-ს ჰქონდა დაწყებული, მან თქვა: "შეიძლება, მე შემეშალა".

''რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას. გამოძიება არის დაწყებული პროკურატურის მიერ. რა თქმა უნდა არის უამრავი საკითხი, რასაც კითხვა უნდა გაეცეს, თუმცა ამისათვის კომპეტენტური ორგანო არის პროკურატურა, რომელიც სიღრმისეულად შეისწავლის ყველა დეტალს. ჯერ ინფორმაციაც კი არ არის გამოქვეყნებული იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვითარება იყო ადგილზე, როგორი იყო ნაპოვნი ადამიანების ცხედრების მდგომარეობა და ა.შ.

ყველაფერთან დაკავშირებით, ბუნებრივია, პირველ რიგში, პროკურატურამ უნდა წარადგინოს დეტალური ინფორმაცია გამოძიების ფარგლებში. ნებისმეიერ ქვეყანაში ასე ხდება. ჯერ წარიმართება სტანდარტული გამოძიება, შესაბამისი უწყების მიერ, ამ შემთხვევაში საქართველოში ეს არის პროკურატურა და თუ კიდევრ რჩება რაიმე კითხვები, ამის შემდეგ შეიძლება შეიქმნას საგამოძიებო კომისია. ეს არის რეალური მიზეზი, რატომაც ჩვენ ბუნებრივია საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს ვერ დავუჭერთ. თუმცა, სრულად იქნება უზრუნველყოფილი ყველაფრის გამჭვირვალობა. და ამაზე რა თქმა უნდა პირველ რიგში პასუხისმგებელია ხელისუფლება.'' - თქვა კობახიძემ.

შეგახსენებთ, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით სამოხელეო დანაშაულის გამოსავლენად ოპოზიცია დროულ გამოძიებას ითხოვს. პარტია ''ხალხისთვის'' ლიდერი ანა დოლიძე კი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის და აცხადებს, რომ იკვეთება სავარაუდო სამოხელეო დანაშაულის ნიშნები, რაც პოლიტიკურ პასუხისმგებლობას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი