უკრაინაში ყირიმის პლატფორმის საერთაშორისო სამიტი გაიხსნა. უმაღლესი დონის შეხვედრა წელს მესამედ ტარდება და შერეულ ფორმატში წარიმართება. სამიტზე სხვადასხვა სახელმწიფოს მეთაურები და ლიდერები განიხილავენ რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის მომავალსა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს.
კერძოდ, შეხვედრებზე განხილული იქნება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, ყირიმის ნახევარკუნძულზე ჰუმანიტარული პოლიტიკა დეოკუპაციის შემდგომ. საკვანძო საკითხი იქნება აზოვისა და შავი ზღვების რეგიონების უსაფრთხოება. "ყირიმის პლატფორმის" სამიტის სტუმრები შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატში. სამიტის მონაწილეების წინაშე ვიდეომიმართვი წარდგა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც.