დიმიტრი მედვედევმა დეფაქტო ლიდერები მოსკოვში დაიბარა. რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტებს შეხვდა. შეხვედრა მოსკოვში გაიმართა, სადაც მედვედევმა რუსეთის მიერ ამ სეპარატისტული რესპუბლიკების აღიარების მორიგი წლისთავის მოახლოებაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებამ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა მოიტანა.
რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ მიცემულ ინტერვიუში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხიც წამოწია, რასაც სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი დადებითად გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის ხალხი რუსეთთან ინტეგრაციას მიესალმება.
თუმცა, აფხაზეთში განსხვავებული განწყობებია. გავრცელებული ინფორმაციით, სოხუმში გაიმართა 1992-93 წლების ომის ვეტერანებისა და საზოგადოების წარმომადგენლების შეხვედრა, რომელზეც ითქვა, რომ აფხაზეთისთვის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შეთავაზება შეურაცხმყოფელია.