
ბურუსით მოცულ ვითარებაში მოკლული გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება.
როგორც მან "მთავარ არხს" უთხრა, ის გედევან ფოფხაძის საარჩევნო შტაბსაც უხელმძღვანელებს და პარლამენტარობისთვის იბრძოლებს.
"მაჟორიტარად არ წარმადგენენ. პარტიის სიაში ბუნებრივად ვიქნები იმიტომ რომ პოლიტსაბჭოს წევრი ვარ და ეს ბუნებრივია," - გვითხრა ნიკოლაძემ, რომელიც ამავდროულად, პარტიის - "ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის" თანადამფუძნებელია.
ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ მან თქვა, რომ წინასაარჩევნო პროცესებში მხოლოდ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში დამნაშავე პირების შესაბამისად დასჯის შემდეგ ჩაერთვებოდა.
პოლიტიკური კარიერის აწყობა და პოლიტიკაში წასვლა, მირიან ნიკოლაძემ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილიდან 24 დღის შემდეგ გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკაში თავის დამკვიდრებას წინა წლებშიც ცდილობდა, საზოგადოებამ ის სწორედ, გიორგი შაქარაშვილის ტრაგედიის შემდეგ გაიცნო.
შეგახსნებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.
ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე 5 დაკავებულს, მათ შორის, ორ არასრულწლოვანს ბრალი 11 აგვისტოს დაუმძიმდა. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრეს. საგამოძიებო უწყებამ სპეციალური ვიდეორეკონსტრუქციაც გაავრცელა.