რუსეთში დრონებით მორიგი შეტევა იყო. დილით მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვის მიმართულებით მიმავალი უპილოტო საფრენი აპარატი ლიუბერცის რაიონის მახლობლად განადგურდა. მერი ამბობს, რომ წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი და ნრგევა არ ყოფილა.
პარალელურად, პარასკევს დილით ვნუკოვოს აეროპორტმა ფრენები შეაჩერა, ზოგიერთი რეისი კი გადამისამართდა. სამთავრობო მედია "რიას" ცნობით, ამჟამად აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.
გარდა ამისა, კურსკის ოლქის გუბერნატორი რომან სტაროვოიტი ავრცელებს ცნობას დრონებით თავდასხმაზე ქალაქ კურჩატოვში. მისი განცხადებით, დაზიანდა ადმინისტრაციული შენობა და საცხოვრებელი კორპუსი, ზარალი ზუსტდება. კურჩატოვში მდებარეობს კურსკის ატომური ელექტროსადგური, ქალაქი უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 70 კილომეტრშია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აღკვეთეს კიევის მცდელობა მოეწყო "ტერორისტული თავდასხმა" და ჩამოაგდეს დრონი ბელგოროდის რეგიონში.
ფსკოვის ოლქის გუბერნატორი მიხაილ ვედერნიკოვი ამბობს, რომ აღმოაჩინეს და გაანეიტრალეს "ამოუცნობი ობიექტი". მისი ცნობით, შემთხვევა კრესტოვის რაიონში მოხდა და მსხვერპლი ან ნრგევა არ ყოფილა.