ევროპის თავდაცვის სააგენტომ (EDA) 5 სექტემბერს ხელი მოაწერა 8 კონტრაქტს უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივი შესყიდვის შესახებ. ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა EU არაწევრი ქვეყნისთვის იარაღის ერთობლივ შესყიდვას ახორციელებს.
კონტრაქტების წყალობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ნორვეგია EDA-ს მეშვეობით 155მმ-იან საბრძოლო მასალას შეიძენენ.
საბრძოლო მასალა განკუთვნილია თვითმავალი ჰაუბიცებისთვის, რომლებიც ევროკავშირმა უკრაინას გადასცა, მათ შორისაა ფრანგული Caesar-ი, პოლონური Krab-ი, გერმანული Panzerhaubitze 2000 და სლოვაკური Zuzana.
სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად და სავაჭრო საიდუმლოების დასაცავად EDA კონტრაქტორების სახელებსა და შეძენილი საბრძოლო მასალის ღირებულებას არ ასაჯაროებს.
კონტრაქტები სამმხრივი მიდგომის ნაწილია, რაც უკრაინისთვის მეტი საარტილერიო საბრძოლო მასალისა და რაკეტების მიწოდებას ითვალისწინებს. შეთანხმება ევროკავშირის საბჭომ 2023 წლის მარტში გააფორმა.