''მე ვიცი, რომ წინა დღით იყავით ფრონტის ხაზზე და ჩვენ ყველას დიდი სურვილი გვაქვს, მოვისმინოთ თქვენი შეფასება'' - ასე დაიწყო აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა.
უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ბლინკენმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ჩასვლა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სთხოვა, რათა აშშ-ის ''მხარდაჭერა მტკიცედ დადასტურებულიყო''. სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით განაცხადა, რომ შეერთებული შტატები, სხვა ქვეყნებთან ერთად, ძალისხმევას გააძლიერებს ''კონტრშეტევის ამოცანების დაუყოვნებლივ გადასაჭრელად''. ასევე, ბლინკენმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი უკრაინის კონტრშეტევაში პროგრესს ხედავს.
"მე ვიცი, რომ წინა დღით იყავით ფრონტის ხაზზე და ჩვენ ყველას დიდი სურვილი გვაქვს მოვისმინოთ თქვენი შეფასება და რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც ახლა მიღწეულია კონტრშეტევაში და ეს ძალიან, ძალიან გამამხნევებელია", - უთხრა სახელმწიფო მდივანმა ზელენსკის.
ბლინკენმა უახლოეს მომავალში ზელენსკისა და ჯო ბაიდენის შეხვედრაც დაანონსა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მდივანის უკრაინაში, ფართომასშტაბიანი ომის დროს ვიზიტის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა და მას ამისთვის მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კიევში დღეს, 6 სექტემბერს ჩავიდა.