ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა, ბორის ჯონსონმა, კიევში გამართულ იალტის ევროპული სტრატეგიის ფორუმზე განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ კომპრომისის მიღწევის შესაძლებლობის არ სჯერა.
"რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა, რაც შეიძლება სწრაფად. ჩვენ ყველა ვლოცულობთ მშვიდობისთვის. თუმცა, გვესმის, რომ მშვიდობას ვერ მივიღებთ პუტინთან შეთანხმებით. პრიგოჟინს სურდა პუტინთან შეთანხმების მიღწევა და თქვენ ნახეთ როგორ განვითარდა პროცესები," - თქვა ჯონსონმა.
მისი თქმით, ნათლად უნდა ითქვას, რომ უკრაინა რაც შეიძლება სწრაფად უნდა გახდეს NATO-ს წევრი.
"ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, ჩვენ რომ ბევრად უფრო მკაფიო ვყოფილიყავით ჩვენს პოზიციაში, მაგრამ ერთი ვთქვით და მეორე ვიფიქრეთ - და ამან გამოიწვია ტრაგედია და ახლა ნათლად უნდა ვთქვათ, რომ გვინდა უკრაინა რაც შეიძლება სწრაფად გახდეს NATO-ს წევრი. რაც შეიძლება სწრაფად," - აღნიშნა მან.
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის თქმითვე, პუტინმა პირველმა გაანადგურა არგუმენტი, რომ თუ უკრაინას ალიანსში მიიღებენ, ეს რუსეთის პრეზიდენტის პროვოცირებას მოახდენს.
"ეს (უკრაინის NATO-ში გაწევრიანება) ძალიან რთული იქნება რუსეთში მცხოვრები ზოგიერთი ადამიანისთვის, მაგრამ ეს უნდა იყოს როგორც ბიბლიაში: "რწმენის ძალა სიცხადეშია," - განაცხადა ჯონსონმა.