რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ გასულ ღამეს მათმა საჰაერო თავდაცვამ ოკუპირებულ ყირიმსა და დედაქალაქ მოსკოვში დრონები ჩამოაგდო. მათი მტკიცებით, თავდასხმა უკრაინელებმა სცადეს.
"17 სექტემბერს, მოსკოვის დროით დაახლოებით 1.45 საათზე, შეჩერდა კიევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა, უპილოტო საფრენი აპარატით, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე," - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მოსკოვის მერ სერგეი სობინიანის თქმით კი, წინასწარი მონაცემებით, შემთხვევას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.
თუმცა, რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დრონით თავდასხმა იყო ორიოლის რაიონშიც, სადაც თავდასხმის შედეგად ნავთობის საცავს ცეცხლი გაუჩნდა.