
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას უნდა შეხვედროდა, თუმცა შეხვედრა თურნავამ "უვადოდ გადადო". განცხადება სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა და თურნავას გადადგომისკენ მოუწოდა:
"პირადად ჩემს მიერ წარდგენილ კანდიდატს, ქალბატონი ნათია თურნავა, მე უნდა ვთქვა, რომ ძალიან ვნანობ ჩემს პირად გადაწყვეტილებას და თუნდაც ბოდიშს ვიხდი ამ ყველაფრისთვის. მას რომ არ გადაედო უვადოდ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, რომელიც უნდა შემდგარიყო მას პირადად მოვახსენებდი ამ ჩემს მოსაზრებებს, თუ რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯები", - განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.
ცნობისთვის, ნათია თურნავას კანდიდატურა სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატად, სწორედ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა წარადგინა. დღევანდელ ბრიფინგზე კი პრეზიდენტმა თქვა, რომ მის ამ გადაწყვეტილებას ნანობს და ამის გამო ბოდიშსაც იხდის.
ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტად თურნავა 22 ივნისს აირჩიეს.
შეგახსენებთ, ეროვნული ბანკი დღეს სამმა ვიცე პრეზიდენტმა დატოვა. გადადგა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი ბაქრაძეც.
გადაწყვეტილების მიზეზი, სანქცირებული ოთარ ფარცხალაძისთვის, საბანკო ანგარიშებზე წვდომის აღდგენა გახდა.