შსს: მელია, დოლიძე და კუპრავა ადმინისტრაციული წესით დააკავეს - ეძგვერაძის ცემაზე გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო

გამოქვეყნდა:

ენმ-ის წევრები ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა ადმინისტრაციული წესით დააკავეს. როგორც შსს-ში "მთავარი არხის" ვებგვერდს განუცხადეს მათ სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან. 

რაც შეეხება ირაკლი ეძგვერაძეზე მომხდარ თავდასხმას, შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლის  პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გლდანში მომხდარი დაპირისპირების თაობაზე შეტყობინების მიღებისთანავე  ოპერატიულად გამოცხადდნენ ადგილზე. 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის  პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. 

ფაქტთან დაკავშირებით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები. 

ადგილზე  მისულ სამართალდამცველებს ადგილზე მყოფმა პირებმა    წინააღმდეგობა გაუწიეს,  მათ პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. რა დროსაც პოლიციამ 3 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავა" აცხადებენ შსს-ში.

შეგახსენებთ, ენმ-ის წევრს, თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს დღეს საღამოს გლდანში, საკუთარ სახლთან ხელკეტებით შეიარაღებული ირები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ეძგვერაძეს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება. ის მომხდარში საკრებულოს "ოცნების" დეპუტატის, კოტე ზარნაძის გარემოცვას ადანაშაულებს.

თავდასხმას თბილისის საკრებულოში დღეს გამართულ სხდომაზე ეძგვერაძესა და ზარნაძეს შორის მომხდარი ხელჩართული ჩხუბი უძღოდა წინ.

რაც შეეხება ენმ-ის წევრების დაკავებას. ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა სამართალდამცველებმა იმ დროს დააკავეს, როცა ისინი ეძგვერაძის მოსანახულებლად იმყოფებოდნენ. ადგილი ჰქონდა პოლიციასთან დაპირისპირებას.
 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი