ირანმა რუსეთს ბალისტიკური რაკეტები და დრონები შესაძლოა ოქტომბერში გადასცეს. ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ინფორმაციით, ქვეყნებს შორის შეთანხმება შესაძლოა გაფორმდეს 18 ოქტომბერს, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დასრულების შემდეგ, რომელიც თეირანს მსგავს შეთანხმებაში მონაწილეობას უკრძალავს.
უკრაინისა და ისრაელის დაზვერვის ანგარიშების თანახმად, რუსეთი ირანული წარმოების Fateh-110-ისა Zolfaghar-ის ბალისტიკური რაკეტების შეძენას ცდილობს. ორივე რაკეტის მოქმედების მანძილი სულ მცირე 300კმ-ია. აგვისტოში, მოსკოვში გამართულ სამხედრო გამოფენაზე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ირანულ სტენდთან სწორედ ზემოაღნიშნული ბალისტიკური რაკეტები დაათვალიერა.
19 სექტემბერს შოიგუ ირანს ეწვია და თავდაცვისა და სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა. 20 სექტემბერს მას ახალი "შაჰიდ 136" დრონების გამშვები აჩვენეს, ასევე, რამდენიმე სხვადასხვა ტიპის რაკეტები.
ანალიტიკოსების თქმით, შოიგუმ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის 2231 სარაკეტო შეზღუდვების ვადის ამოწურვა ირანის თავდაცვის მინისტრ ბრიგადის გენერალ მოჰამედ რეზა აშტიანთან განიხილა, რაც შესაძლოა შეთანხმების გაფორმებისთვის მზადებაზე მიანიშნებდეს.
აშტიანმა 5 სექტემბერს განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრო მზად არის განავითაროს თავდაცვისა და სტრატეგიული ურთიერთობები "ყველა დამოუკიდებელ და მოკავშირე ქვეყანასთან" გაეროს უშიშროების საბჭო 2231-ის სარაკეტო შეზღუდვების ვადის ამოწურვის შემდეგ.