"ოცნება" მორიგი რუსული კანონის მიღებას აპირებს - "გირჩი მეტი თავისუფლებისა" და "დროას" განცხადება

გამოქვეყნდა:

"გირჩი მეტი თავისუფლება" და "დროა" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" მორიგი რუსული კანონის მიღებას აპირებს. საუბარია "შეკრებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონში შესატან ცვლილებზე, რომელიც მმართველი გუნდის დეპუტატებმა მოამზადეს და მის დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვენ. 

ოპოზიციური პარტიების შეფასებით, აღნიშნული ინიციატივა მსგავსია იმ რეგულაციებისა, რომლებიც ავტოკრატიულ და დიქტატორულ რეჟიმებში მოქმედებს და მისი ინიცირებით "ოცნება" "კიდევ ერთხელ ახდენს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის საბოტირებას."

"საქართველოს პარლამენტში დღეს იწყება ქართული ოცნების მორიგი ანტიდემოკრატიული ინიციატივის განხილვა, რომელიც ეხება შეზღუდვებს შეკრება/მანიფესტაციასთან დაკავშირებით.

აღნიშნული ინიციატივა მსგავსია იმ რეგულაციებისა, რომლებიც მოქმედებს ავტოკრატიულ და დიქტატორულ რეჟიმებში და მიზნად ისახავს ერთი მხრივ კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვას, ხოლო მეორე მხრივ იმ მოქალაქეთა დაშინებას, რომლებსაც შესაძლოა სურვილი ჰქონდეთ მიმართონ პროტესტის გამოხატვის ისეთ ფორმებს, რომლებიც საჭიროებს სხვადასხვა კონსტრუქციების ან ტექნიკის (მაგალითად სცენა, გენერატორი, კარავი და ა.შ.) გამოყენებას.

ქვეყანაში, სადაც მხოლოდ ერთი ან რამდენიმე პოლიციელის ჩვენების საფუძველზე მოქალაქეებს აკავებენ, ასამართლებენ და სჯიან ცარიელი ფურცლით ხელში პროტესტის გამოთქმის გამო, ყველასთვის ცხადია რა შედეგები მოჰყვება შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების სამართლებრივი
შეზღუდვისკენ გადადგმულ ნებისმიერ ასეთ ნაბიჯს. "ქართული ოცნების" მხრიდან ამ ინიციატივის დაკავშირება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ რამდენიმე დღის წინ ჩატარებულ
ბრიფინგთან, სადაც მორიგ ჯერზე ითქვა რომ თითქოს ქვეყანაში მზადდება არეულობა, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე რომ სუსი ემსახურება ერთი ადამიანის, ივანიშვილის რუსული ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში მისი გამოყენება ხდება თავისუფალი მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვის მიზნით.

და ბოლოს, ამ მორიგი რუსული კანონის ინიციირებით, "ქართული ოცნება" კიდევ ერთხელ ახდენს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის საბოტირებას, რაც მხოლოდ და მხოლოდ კრემლის ინტერესებშია," - ნათქვამია "გირჩი მეტი თავისუფლებისა" და "დროას" განცხადებაში.

ასევე ნახეთ:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი