საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით დღეს, 3 ოქტომბერს განიხილავს. არსებითი განხილვა 12:00 საათზეა ჩანიშნული.
ცნობილია, რომ "ქართული ოცნების" მხრიდან ხუთი დეპუტატი დაესწრება, მათ შორის პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, მიხეილ სარჯველაძე, ანრი ოხანაშვილი , თენგიზ შარმანაშვილი და გიორგი კახიანი.
ამ დროისთვის უცნობია ჩავა თუ არა პრეზიდენტი ბათუმში განხილვაზე დასასწრებად. საქართველოსთვის ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყნის მეთაურის იმპიჩმენტის საკითხი განიხილება.
"№1797 კონსტიტუციურ წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით", - აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლო.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მერაბ ტურავა ამბობს, რომ სასამართლოს დიდი სურვილი აქვს ზურაბიშვილი დაესწროს განხილვას და განმარტებებიც გააკეთოს.
შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა 1-ელ სექტემბერს დაიწყო. ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ზურაბიშვილი მთავრობის უარის მიუხედავად, მაინც გაემგზავრა ევროპაში, რითაც "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია."