არგუმენტები საერთოდ არ იყო, არათუ სუსტი, არგუმენტები არ მოგვისმენია, ეს არის დღევანდელი დღის შეჯამება - "ოცნების" თავმჯდომარე კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს 7 საათიანი პროცესი შეაჯამა და პრეზიდენტის წარმომადგენლებს არგუმენტები დაუწუნა:
"რა განსხვავებაა სტატუსსა და უფლებამოსილება შორის, ამის თქმა უნდა შეეძლოთ პრეზიდენტის წარმომადგენლებს. ან ვერ ამბობენ, ან არ ამბობენ, ან არ უნდათ ამის თქმა. ჩვენ განვიმარტეთ რა განსხვავებაა სტატუსსა და უფლებამოსილებას შორის. ისინი პასუხს არ იძლევიან. პასუხს ვერ იძლევიან იმიტომ, რომ არ აწყობთ პასუხის გაცემა, როგორც კი ერთმანეთისგან გამიჯნავ სტატუსს და უფლებამოსილებას, უკვე თავზე გენგრევა ყველა ე.წ. არგუმენტი." თქვა კობახიძემ.
რაც შეეხება ქვეყნის შიგნით განხორციელებულ საგარეო წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, კობახიძე ამბობს, რომ ეს პრაქტიკა არ მოსწონს და კანონში ნორმები დასაზუსტებელია:
"მთავრობა იძლევა რეალურად მდუმარე თანხმობას, როდესაც ქვეყნის შიგნით ხორციელდება საგარეო წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები. ეს პრაქტიკა მე არ მომწონს, კანონში დასაზუსტებელია ნორმები, მთავრობის პრაქტიკაც არის შესაცვლელი, მაგრამ ეს არავითარ კავშირში არ არის კონსტიტუციის დარღვევასთან" აცხადებს კობახიძე და ისევ ამტკიცებს, რომ პრეზიდენტმა იცოდა და გამიზნულად არღვევდა კონსტიტუციას, როდესაც მთავრობის ნებართვის გარეშე მიდიოდა ევროპაში.
კობახიძის შეფასებით, პრეზიდენტის წარმომადგენლები პროცესზე დღეს "მძიმე მდგომარეობაში იყვნენ":
"პრეზიდენტი იქნებოდა ისეთივე მძიმე მდგომარეობაში ამ პროცესზე, როგორშიც არიან დღეს პრეზიდენტის წარმომადგენლები, ისინი არიან ძალიან უხერხულ მდგომარეობაში, უწევთ აბსურდის მტკიცება, ძალიან მძიმეა მათ მდგომარეობა... პრეზიდენტი თვითონ რომ ჩამოსულიყო, თვითონ მოუწევდა ამ მდგომარეობაში ყოფნა, რაც მისთვის იყო მიუღებელი და სწორედ ამიტომ არ ჩამოვიდა " თქვა კობახიძემ.
დღევანდელი პროცესი კი დასრულებულია. სხდომა ხვალ 11 საათზე კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება და საკონსტიტუციო წარდგინების ავტორი "მეოცნებეები" შემაჯამებელი სიტყვით გამოვლენ.