"ინიციირებული ცვლილებები უკიდურესად შეზღუდავს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სტანდარტებით გარანტირებულ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას" - ასე ეხმაურებიან "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" და "სამართლიანი არჩევნები" შეკრებისა და მანიფესტაციების კანონში ინიცირებულ ცვლილებებს, რომელსაც პარლამენტმა დღეს უნდა იმსჯელოს.
"საქართველოს პარლამენტში 2 ოქტომბერს უმრავლესობის დეპუტატებმა კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც დაჩქარებული წესით განიხილება. ინიციირებული ცვლილებები უკიდურესად შეზღუდავს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სტანდარტებით გარანტირებულ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. მიგვაჩნია, რომ მსგავსი სახის საკანონმდებლო ცვლილებები ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის მხრივ უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერაზე, არ გააუარესოს ქვეყანაში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საკანონმდებლო ჩარჩო და უზრუნველყოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნება" შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი აკრძალვების ამოქმედებას გეგმავს.
მმართველი გუნდის დეპუტატების ინიციატივით მომზადებული კანონპროექტით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა გარკვეულ შემთხვევებში აეკრძალებათ.
დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ახალი ნორმების დარღვევა გამოიწევს "სამართალდარღვევის საგნის" კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ან "სამართალდარღვევის საგნის" კონფისკაციასა და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
იმ შემთხვევაში, თუ "დამრღვევი" ორგანიზატორი იქნება, მოხდება სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და მისი დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით.