"როგორც ჩანს, კონსერვატორიაში გარკვეულმა ძალებმა აირჩიეს სამინისტროსთან კონფრონტაციის გზა" | კულტურის სამინისტრო

გამოქვეყნდა:

კულტურის სამინისტრო კონსერვატორიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებითგანცხადებას ავრცელებს სადაც ნათქვამია, რომ კონსერვატორიამ 2 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელით მიმართა, რომელშიც წულუკაინის 2023 წლის 25 სექტემბრის ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვდა, თუმცა სასმართლომ კონსერვატორიის შუამდგომლობები სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

გარდა ამისა, უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ  კონსერვატორიაში გარკვეულმა ძალებმა საბოლოოდ აირჩიეს სამინისტროსთან კონფრონტაციის გზა.

"სამინისტროს წინააღმდეგ კონსერვატორიის შუამდგომლობები სასამართლომ არ დააკმაყოფილა

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2023 წლის 25 სექტემბრის ბრძანებით გაუქმდა სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის (შემდგომ - კონსერვატორია) აკადემიური საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის დადგენილება კონსერვატორიის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების შესახებ. ამავე ბრძანებით კონსერვატორიას დაევალა სათანადო ღონისძიებების განხორციელება კონსერვატორიის წესდების, ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის დებულების, სტატუსის, მართვისა და ფუნქციონირების, ასევე, აკადემიური საბჭოს შემადგენლობის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით და რექტორის არჩევნების გამოცხადება აღნიშნულის შემდეგ.

ვინაიდან კონსერვატორიის მოქმედ რექტორს უფლებამოსილების ვადა ეწურება 21 ოქტომბერს, დადგენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად კონსერვატორიას განესაზღვრა ხუთი სამუშაო დღე.

ამ პროცესში კონსერვატორიისათვის ხელშეწყობის მიზნით 2023 წლის 29 სექტემბერს სამინისტროში გაიმართა სამუშაო შეხვედრა კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს წევრებისა და ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლების მონაწილეობით.

შეხვედრას ხელმძღვანელობდა მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ სამინისტრო და კონსერვატორია მჭიდროდ ითანამშრომლებდნენ კონსერვატორიის შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად და იხელმძღვანელებდნენ მხოლოდ კონსერვატორიის საუკეთესო ინტერესებით.

ამავე შეხვედრაზე კონსერვატორიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ხუთ სამუშაო დღეში ვერ შეძლებდნენ შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტების შემუშავებას და მოითხოვეს დამატებითი ვადა, რაზეც შეხვედრაზევე მიიღეს სამინისტროს თანხმობა. მოგვიანებით, მიმოწერისა და კონტაქტების შედეგად, დოკუმენტაციის მოწესრიგების საბოლოო ვადად განისაზღვრა 10 ოქტომბერი, თუმცა როგორც დღეს, 2023 წლის 9 ოქტომბერს, სამინისტროში შემოსული სასამართლო შეტყობინებებით ირკვევა, 2023 წლის 2 ოქტომბერს კონსერვატორიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელით, რომელსაც ხელს აწერს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამარ ბულია (რექტორი კონსერვატორიისათვის ესოდენ მნიშვნელოვან დროს იმყოფება ხანგრძლივ მივლინებაში).

აღნიშნული სარჩელით კონსერვატორიამ მოითხოვა მინისტრის 2023 წლის 25 სექტემბრის ბრძანების ბათილად ცნობა. ასევე, კონსერვატორიამ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობებით და მოითხოვა სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მინისტრის ბრძანების მოქმედების შეჩერება და სამინისტროსთვის ისეთი მოქმედებების აკრძალვა, რომლებიც დაუკავშირდება კონსერვატორიის რექტორის არჩევნებს, კონსერვატორიის მმართველი ორგანოების დაკომპლექტებასა და მათ უფლებამოსილებაში ჩარევას.

აღნიშნული შუამდგომლობები თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნულის შედეგად ცხადია, რომ:

- მინისტრის 25 სექტემბრის ბრძანება რჩება ძალაში და კონსერვატორიის რექტორის არჩევნები ვერ ჩატარდება, თუ კონსერვატორია სათანადო სამართლებრივ დოკუმენტაციას კანონთან შესაბამისობაში არ მოიყვანს;

- კონსერვატორიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა 29 სექტემბრის შეხვედრაზე, სავარაუდოდ, აირჩია მოჩვენებითი თანამშრომლობის გზა, რითაც შეეცადა დროის მოგებას იმ იმედით, რომ სასამართლო მინისტრის ბრძანების მოქმედებას შეაჩერებდა და რექტორის არჩევნები ჩატარდებოდა არაერთი სამართლებრივი ხარვეზით, როგორც მოხდა წარსულში, კერძოდ, 2019 წელს;

- როგორც ჩანს, კონსერვატორიაში გარკვეულმა ძალებმა საბოლოოდ აირჩიეს სამინისტროსთან კონფრონტაციის გზა.

სამინისტრო, როგორც კონსერვატორიის ზედამხედველი უწყება, აცხადებს, რომ მისთვის უპირატესი კონსერვატორია და მისი ინტერესებია. ის არ დაუშვებს, რომ პირთა მცირე ჯგუფმა კონსერვატორიის განვითარებას ხელი შეუშალოს.

სამინისტრო კვლავაც მზად არის, შეხვდეს კონსერვატორიის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც იზიარებენ იმავე პოზიციას და მათთან ერთად გადადგას ნაბიჯები, რათა რექტორის არჩევნებისათვის აუცილებელი სამართლებრივი დოკუმენტები - კონსერვატორიის წესდება და ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის დებულება, ასევე - აკადემიური საბჭოს შემადგენლობა მოვიდეს კანონთან შესაბამისობაში და რექტორის არჩევნები ჩატარდეს კანონის სრული დაცვით.

სამინისტრო, ასევე, განმარტავს, რომ კონსერვატორიის მოქმედ რექტორს უფლებამოსილების ვადა ეწურება 21 ოქტომბერს, 21 ოქტომბრიდან კი, კანონით დადგენილი წესისა და პროცედურების შესაბამისად, შესაძლებელი იქნება რექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლის არჩევა", - ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 26 სექტემბერს ცნონილი გახდა, რომ მინისტრ თეა წულუკიანის ბრძანების საფუძველზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რექტორის არჩევნები პროცედურები შეწყდა. სამინისტრო აღნიშნულს მიესალმა და თქვა, რომ საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ხარვეზით მიმდინარეობდა.

მანამდე, 20 სექტემბერს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს წულუკიანმა თქვა, რომ კონსერვატორიაში რეფორმაა ჩასატარებელი და რომ ხელმძღვანელობა "ვერ ასრულებს ფუნქციას" . მინისტრის მეორე დღესვე უპასუხაკონსერვატორიის რექტორმა, ნანა შარიქაძემ და დაწერა, რომ ხარვეზი სისტემაშია, რომელიც 30-იანი წლების საუკეთესო ტრადიციით საუბრობს. 

27 სექტემბერს კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 7 წევრიდან 6-მა გაავრცელა განცხადება. მათ მოთხოვეს გაუქმდეს კულტურის სამინისტროს ის გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა რექტორის ასარჩევად გამოცხადებული კონკურსი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი