ისრაელის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ღაზაში 150-მდე მძევალია დაკავებული - ამის შესახებ გაეროში ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა, განაცხადა.
"ჩვენ გვყავს მძევლების უპრეცედენტო რაოდენობა - 100-150-მდე. ველით, რომ წითელი ჯვარი, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, ფოკუსირებას მოახდენს ამ მძევლებზე და იმაზე, თუ როგორ ექცევიან მათ," - თქვა ელჩმა.
მისივე თქმით, მძევლებთან დაკავშირებული სიტუაცია ისრაელს ხელს ვერ შეუშლის იმაში, "რაც უნდა გააკეთოს ისრაელის მომავლის დასაცავად."
"ჩვენ ვერ აღვადგენთ უსაფრთხოებას ისრაელის მოქალაქეებისთვის, თუ "ჰამასი" გააგრძელებს სამხედრო გაძლიერებას. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა ვიხილოთ ჩვენი ბიჭები, გოგოები, ბებიები, ყველა, ვინც გაიტაცეს, გვსურს მათი დაბრუნება სახლში, მაგრამ ახლა, ფოკუსირებული ვართ ჩვენს ეროვნულ სტრატეგიაზე, რომელიც ითვალისწინებს "ჰამასის" ტერორისტული შესაძლებლობების მოსპობას," - განაცხადა ერდანმა.
"ჰამასმა" განაცხადა, რომ მშვიდობიანი მძევლები სიკვდილით დაისჯებიან, თუ ისრაელი ღაზაში მცხოვრებ ხალხს გაფრთხილების გარეშე დაუმიზნებს. ჯგუფი ამტკიცებს, რომ 100-ზე მეტი მძევალი ჰყავს, მათ შორის ისრაელის არმიის ოფიცრები.
ასევე ნახეთ: