"ქართული ოცნებიდან" გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, კოტე ზარნაძე ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას ის არ გამოუკითხავს.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, კოტე ზარნაძეს აქვს ახლო ურთიერთობა ძმებ შუკაკიძეებთან, მათ შორის ელგუჯა შუკაკიძესთან, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა თავდასხმაში და დაკავებულიცაა. ზარნაძე ამბობს, რომ საკრებულოში მომხდარ დაპირისპირებას არასდროს დაუტოვებია ამ შენობის კედლები.
მისივე თქმით, ეძგვერაძემ პირადი პრობლემები თვითონ უნდა გაარკვიოს და თავდასხმას პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს.
"რაიმე ფაქტი არსებობს იმისა, რომ მე უნდა დავებარებინე?! რახან ირაკლი ეძგვერაძე ყვირის მაგიტომ?! სიგიჟეა, სისულელეა, მე ნებისმიერ დროს მზად ვარ. ის, რომ საკრებულოს დარბაზში ყოფილა
რაღაც გარკვეული სახის დაპირისპირება, ამას არასდროს არ დაუტოვებია საკრებულოს კედლები, არასდროს. [ვიდეო ჩანაწერები ნახეთ?] მე ვჩანვარ იქ? მე რა ვიცი ვინ ყვირიან, ის რა ფაქტიც მოხდა გლდანში, ეს ყველაზე მეტად აწყობდა ნაციონალურ მოძრაობას. ლევან შუკაკიძეს ვიცნობ კი, არა მარტო ლევან შუკაკიძეს, არამედ გლდანის რაიონში მაცხოვრებელ ადამიანების 90%-ს ვიცნობ. ირაკლი ეძგვერაძემ თავისი პირადი პრობლემები გაარკვიოს თვითონ, ამას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია და არც აქვს", - ამბობს კოტე ზარნაძე.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი ტყემალაძე ამბობს, რომ დარწმუნებულია გამოძიება გასცემს ყველა კითხვას პასუხს. მისივე თქმით, კარგი იქნება თუ ყველა მხარე იხელმძღვანელებს გამოძიებასთან, მათ შორის ირაკლი ეძგვერაძე.
თავდასხმის კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთი პირი ცდილობს ეძგვერაძეს მანქანა დააჯახოს, "მთავარი არხის" ინფორმაციით, ეს პირი არის გიორგი მჭედლიშვილი, იგივე "პუშკინა". ამ დრომდე უცნობია გამოიკითხა თუ არა ის. მან ჩვენ სატელეფონო ზარს უპასუხა, თუმცა განმარტებებისგან თავი შეიკავა.
ენმ-ის თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს და მის მეგობრებს, კახა ალადაშვილს, ჯაბა ზარასპაშვილსა და დავით დანელიას გლდანში, "ოცნებასთან" დაახლოებული პირები 22 სექტემბერს, ეძგვერაძის კერძო საკუთრებაში დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. იხილეთ ასევე: