უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ბუქარესტში, რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე აცხადებს, რომ უკრაინელი F16 პილოტებისთვის რუმინეთში სასწავლო ცენტრი შეიქმნება.
"არსებობს უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება რუმინეთში F16-ის პილოტების მომზადების თაობაზე. იქმნება F16-ის პილოტების მომზადების ცენტრი. ჩვენ განვიხილეთ ბატონ პრეზიდენტთან, როგორ დაჩქარდეს ასეთი წვრთნები და შევთანხმდით, რომ უკრაინელი მფრინავები ჩაერთვებიან ვარჯიშის პირველ ტალღაში, - განაცხადა ზელენსკიმ.
გარდა ამისა, ზელენსკიმ რუმინელ კოლეგას ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და უკრაინის თავდაცვის საჭიროებები გააცნო.
"მადლობელი ვარ რუმინეთის მიერ მოწოდებული ყველა მხარდაჭერის პაკეტისთვის და იმისთვის, რაზეც დღეს ვისაუბრეთ. კარგი ამბები იქნება საარტილერიო და საზენიტო თავდაცვასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ამისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც უკრაინული მედია წერს, მფრინავების მომზადების კოალიციაში შედის დანია, ნიდერლანდები, ბელგია, კანადა, ლუქსემბურგი, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი.
უკრაინელმა სამხედროებმა შემუშავებული პროგრამის თეორიული ნაწილი უკვე დაიწყეს. ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა აჩვენეს, როგორ სწავლობენ უკრაინელი მფრინავები F-16-ის გამანადგურებლების ფრენას.