საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ხვიჩა მღებრიშვილი დეფაქტო ცხინვალის ე.წ. სასამართლოს განაჩენის მოლოდინშია. უკანონო ტყვეს ოკუპირებულ ქალაქში დღეს გაასამართლებენ.
გატაცებულის ოჯახი ამბობს, რომ თუ მამაკაცი არ გათავისუფლდება, პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას დააკისრებენ და ცენტრალურ მაგისტრალს გადაკეტავენ.
დღეს უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, აქ, მარტო მეჯვრისხევში კი არა, დასავლეთის ცენტრალურ ტრასაზე მოეწყობა აქცია და ვერც გადავლენ და ვერც ჩამოვლენ. მთელი რაიონი იქნება აქციაზე, - ამბობს გატაცებულის ნათესავი ლეილა მღებრიშვილი.
შეგახსენებთ, რომ სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები 47 წლის ხვიჩა მღებრიშვილი ოკუპანტებმა 3 ივლისს, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს.
დეფაქტო ცხინვალის მტკიცებით, დაკავებული ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად გადავიდა, რომელთა რეალიზაციასაც აშშ-ს მოქალაქეებზე გეგმავდა. თუმცა, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მოგვიანებით ვერსია შეცვალეს და ახლა მღებრიშვილს მხოლოდ ე.წ. საზღვრის გადაკვეთას ედავებიან.