"ჩვენ არ გვჭირდება არავის ზეწოლა, არ ვითვალისწინებთ არავის აზრს" | ტურავა საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაზე

გამოქვეყნდა:

"ჩვენ არ გვჭირდება არავის ზეწოლა, არ ვითვალისწინებთ არავის აზრს - გადაწყვეტილებას ვიღებთ იმის მიხედვით, კონსტიტუციურია თუ არა", - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა ჟურნალისტებთან საუბრობს და საკონსტიტუციოს მიერ იმის დადგენას ეხმაურება, რომ სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.

"გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება სამართლებრივად. თუ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მივიღებდით ან ემოციურად იქნებოდა ჩვენი გადაწყვეტილება დატვირთული, ასეთ შემთხვევაში, შეიძლებოდა, სხვაგვარი გადაწყვეტილება მიგვეღო.

გადაწყვეტილება იქნა მიღებული ექვსი სამის წინააღმდეგ. ეს არის სრულიად დემოკრატიული და ეს ნიშნავს იმას, რომ მოსამართლეები არ არიან შეზღუდული თავიანთი აზრის გამოხატვაში, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ხდება ასე. ეს გადაწყვეტილება სტრუქტურულად და შინაარსობრივად კარგად ჩამოყალიბებულია. იქ არის ყველა არგუმენტი, ყველანაირი პოზიცია, რომელიც ამ გადაწყვეტილების მიღების კონსტიტუციურობას ასაბუთებს. ჩვენ არ გვჭირდება არავის ზეწოლა, არ ვითვალისწინებთ არავის აზრს - მხოლოდ და მხოლოდ გადაწყვეტილებას ვიღებთ იმის მიხედვით, კონსტიტუციურია თუ არა", - თქვა ტურავამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 16 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. 9 მოსამართლიდან გადაწყვეტილებაზე განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ -  ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს. დასკვნა საბოლოოა და გასაჩივრებას, ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. 

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლებს, მათი თქმით, სასამართლომ ერთი-ერთში გაიზიარა კონსტიტუციური წარდგინების ავტორების მოსაზრებები და აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებია. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი