"გაიგზავნა მოთხოვნა სახდეპში, თუმცა დეტალები არ მიგვიღია - ყველა ჩვენგან ითხოვს დეტალებს" | ლილუაშვილი ფარცხალაძეზე

გამოქვეყნდა:

"გაიგზავნა მოთხოვნა სახდეპში, თუმცა არანაირი დეტალები არ მიგვიღია - ყველა ჩვენგან ითხოვს დეტალებს", - ამის შესახებ სუსის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი საუბრობს და ფარცხალაძის საქმეს ეხმაურება. ამბობს, რომ პროკურატურამ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეერთებულ შტატებს მტკიცებულებების გადმოცემის თხოვნით მიმართა, თუმცა დოკუმენტები ამ დრომდე არ მიუღიათ.

მტკიცებულებები ვერ მივიღეთ მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი დახმარების მოთხოვნით, საქართველოს პროკურატურის მეშვეობით გაიგზავნა მოთხოვნა, უკვე კარგა ხანია გასული. ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, ჩვენი ინიციატივით და თხოვნით გაიგზავნა მოთხოვნა სახელმწიფო დეპარტამენტის მისამართით, თუმცა ამჟამად არანაირი დეტალები არ მიგვიღია, პირიქით ყველა ჩვენგან ითხოვს დეტალებს და ეს ძალიან დამაფიქრებელია, რადგან ახლა გავრცელდა მასმედიაში ინფორმაცია, თუკი ეს ინფორმაცია ჰქონდათ ამერიკულ სპეცსამსახურებს და პარტნიორებსო, ეტყობა არ ენდობიან ჩვენს სამსახურებს და არ მიაწოდესო.

მინდა გითხრათ, რომ ჩვენს სამსახურებს შორის არსებული ძალიან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის ფარგლებში, გაცილებით უფრო სენსიტიური და უფრო დიდ ეფექტზე გათვლილი საიდუმლო ინფორმაციები იცვლება ყოველდღიურ რეჟიმში.

ჩვენი თანამშრომლობა არის სამაგალითო. მე დარწმუნებული ვარ ჩვენს პარტნიორებს რომ წინასწრებად ჰქონოდათ ფარცხალაძის შესაძლო დანაშაულებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, დიდი ალბათობით მოგვაწვდიდნენ, - თქვა ლილუაშვილმა.

შეგახსენებთ, სერვისების განვითარების სააგენტომ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნა პრეზიდენტს 20 სექტემბერს გადაუგზავნა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა ყოფილ მთავარ პროკურორს მოქალაქეობა არ შეუწყვიტა. ადმინისტრაციის განცხადებაში ეწერა: "პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე, თუ დასასჯელია, უნდა დაისაჯოს, როგორც საქართველოს მოქალაქე".

შეგახსენებთ, რომ ოთარ ფარცხალაძე აშშ-მ 14 სექტემბერს დაასანქცირა. 19 სექტემბერს კი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციების აღსრულების წესში გამონაკლისი შეიტანა და ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგინა. 

მის ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა როგორც საზოგადოებაში, ასევე ეროვნულ ბანკში. დღეს ბანკი სამმა ვიცე-პრეზიდენტმა დატოვა. თანამდებობა დატოვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა, გიორგი ბაქრაძემაც.

18 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ადმინისტრაციაში ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი გადაგზავნილი არ ყოფილა.

შეგახსენებთ, ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც აშშ-მ დაასანქცირა, რუსეთის მოქალაქეობა აქვს. გარდა ამისა, 17 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილმა ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი