ჩემი პირადი დასკვნაა, რომ ეს თემა, როგორც ჩანს, დახურულია ან მალე დაიხურება | პაპუაშვილი ფარცხალაძეზე

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მისი დასკვნით, აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის თემა დახურულია ან მალე დაიხურება. მისი თქმით, ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ყოფილი გენერალური პროკურორის მიმართ იქნა საჯაროდ გაჟღერებული ბრალდება, რომლის მისი აზრით, ჩანს, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

პაპუაშვილის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტს რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია და "არანაირი მტკიცებულება არ არსებობს," რაც ფარცხალაძის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებას დაადასტურებს.

"სხდომის დროსაც გვითხრა ჩვენ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, რომ გამოძიება მიმდინარეობს, მუხლიც დაასახელა. მათ შორის, ისაუბრა იმაზე, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ამასთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, ეს ზოგადი ადამიანური და სამართლებრივი წესია - ის, ვინც უყენებს ბრალს, მან უნდა ამტკიცოს. ეს არის ელემენტარული წესი, რომელიც ათასწლეულებია მოქმედებს ამ პლანეტაზე და მოქმედებს ყველა ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-ში.

სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესშია, ამიტომაც, ჩვენმა სახელმწიფომ მიმართა აშშ-ს, 3 სხვადასხვა უწყებას მიმართა ჩვენმა სახელმწიფომ. პროკურატურამ მიმართა იუსტიციის დეპარტამენტს, ცალკე მიმართვა იყო სხვა უწყებების, მათ შორის, უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან მიმართვები იყო აშშ-ის შესაბამის ინსტიტუტებთან. სამწუხაროდ, რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. პირიქით. როგორც ჩვენ მოვისმინეთ, მათ შორის, საჯაროდაც, აშშ-ის შესაბამისმა უწყებებმა იქით გაიკვირვეს და იქით იკითხეს რაიმე ინფორმაცია ხომ არა აქვს შემთხვევით საქართველოს.

აქედან გამომდინარე, ჩემი პირადი დასკვნაა, რომ ეს თემა, როგორც ჩანს, დახურულია ან დაიხურება მალე. ჩვენ ვნახეთ, რომ ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძის მიმართ იქნა საჯაროდ გაჟღერებული ბრალდება, რომლის უკანაც ჩანს, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ერთი. მეორე, 7 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს, ვგულისხმობ, მოსამართლეებს, სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ და 7 თვის თავზეც კი არანაირი მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი...

რა თქმა უნდა, როდესაც ბრალი არაა აქვს წაყენებული ადამიანს [ფარცხალაძეს], მას ვერ შეუზღუდავ ვერანაირად გადაადგილებას", - თქვა პაპუაშვილმა. 

შეგახსენებთ, 14 სექტემბერს, აშშ-მა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან თანამშრომლობის გამო სანქციები დაუწესა.

19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციების აღსრულების წესში გამონაკლისი შეიტანა და ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგინა, რასაც პროტესტი მოჰყვა როგორც საზოგადოებაში, ასევე ეროვნულ ბანკში. თავდაპირველად სებ-ი სამმა ვიცეპრეზიდენტმა და ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა დატოვა. მოგვიანებით, ეროვნული ბანკიდან კიდევ რამდენიმე თანამშრომელი წავიდა. 

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი