ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ხვიჩა მღებრიშვილის სასამართლო პროცესი ცხინვალში დღეს, 21 აგვისტოს განახლდება. ე.წ. სასამართლო, სავარაუდოდ, განაჩენს გამოაცხადებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცხელ ხაზზე შესული ინფორმაციის მიხედვით, სასამართლო პროცესი 13:00 საათისთვის დაიწყება. უწყების ინფორმაციით, საქმესთან დაკავშირებით გუშინ დილიდან ამოქმედებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი და ქართული მხარე მათგან ინფორმაციას პერიოდულად იღებდა.
შეგახსენებთ, რომ სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები 47 წლის ხვიჩა მღებრიშვილი ოკუპანტებმა 3 ივლისს, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს.
დეფაქტო ცხინვალის მტკიცებით, დაკავებული ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად გადავიდა, რომელთა რეალიზაციასაც აშშ-ს მოქალაქეებზე გეგმავდა. თუმცა, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მოგვიანებით ვერსია შეცვალეს და ახლა მღებრიშვილს მხოლოდ ე.წ. საზღვრის გადაკვეთას ედავებიან.