ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის შეფასებით, რეალურია რისკი, რომ ისრაელსა და "ჰამასს" შორის ომი, რეგიონულ კონფლიქტში გადაიზარდოს. თუმცა, სალივანმა ასევე აღნიშნა, რომ ისინი ცდილობენ ეს არ მოხდეს.
"პრეზიდენტი ძალიან ღია იყო ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ ამერიკულ ჯარს ირანი და მისი მარიონეტები თავს დაესხმებიან, ჩვენ შესაბამისად ვუპასუხებთ. ვფიქრობ, ირანელებმა ჩვენი გზავნილი მიიღეს. ჩვენ ვცდილობთ, რომ ისრაელსა და ღაზას შორის მიმდინარე ომი, რეგიონულ კონფლიქტში არ გადაიზარდოს. რისკი რეალურია", - განაცხადა სალივანმა.
ამას გარდა, მან ასევე განაცხადა, რომ ისრაელის სახმელეთო ოპერაციები გაფართოების ფონზე, თეთრი სახლის პრიორიტეტი ღაზაში ამერიკელი, ისრაელელი და სხვა მძევლების გათავისუფლებაა.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.