
რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ქალაქ ვოლნოვახაში, ერთი ოჯახის 9 წევრი მოკლეს, მათ შორის ორი ბავშვი. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს. უწყება ამბობს, რომ ისინი სამხედრო მოსამსახურეები არიან.
"ისინი რუსი სამხედროები არიან შორეული აღმოსავლეთიდან, რომლებიც კონტრაქტით მსახურობენ. ეჭვმიტანილები დააკავეს და საგამოძიებო განყოფილებაში გადაიყვანეს, მათთან ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები მომხდარის ყველა გარემოების დადგენისა და მტკიცებულებათა ბაზის გამყარების მიზნით", - ნათქვამია საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.
ახლობლებმა განაცხადეს, რომ ოჯახი პარასკევს, 27 ოქტომბერს, როცა შემთხვევა მოხდა, ერთ-ერთი ნათესავის დაბადების დღეს აღნიშნავდა. მოკლულია ოთხსულიანი ოჯახის ყველა წევრი (ქმარი ანდრეი და ცოლი ნატალია, ასევე მათი შვილები ნასტია და ნიკიტა) და კიდევ ხუთი ადამიანი, რომლებიც სახლში იმყოფებოდნენ.
უკრაინის ომბუდსმენმა, დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა, რომ წინასწარი ინფორმაციით, ოჯახმა ჩეჩენ ოკუპანტებს უარი უთხრა სახლის დათმობაზე.
მომხდარზე უკრაინულმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.