რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მაჰაჩყალის აეროპორტში მომხდარ არეულობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და სცადა, კრემლისთვის პასუხისმგებლობის მოხსნა. მან მტკიცებულების გარეშე თქვა, რომ არეულობა პროვოცირებული იყო სოციალური ქსელების გამოყენებით, მათ შორის უკრაინის ტერიტორიიდან, დასავლური სადაზვერვო სამსახურების მონაწილეობით.
"მაჰაჩყალაში მასობრივი არეულობები პროვოცირებული იყო სოციალური ქსელების გამოყენებით, მათ შორის უკრაინის ტერიტორიიდან, დასავლური სპეცსამსახურების ხელებით.
ამ კუთხით, მინდა დავსვა კითხვა: შესაძლებელია თუ არა პალესტინის დახმარება თათებსა (ებრაელთა სუბეთნიკურ ჯგუფზე ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ კავკასიაში) და მათ ოჯახებზე თავდასხმის მცდელობით? სხვათა შორის, ეს არის ტიტულოვანი ერი დაღესტანში.
ჩვენ პალესტინას შეგვიძლია მხოლოდ დავეხმაროთ მათ წინააღმდეგ ბრძოლაში, ვინც ამ ტრაგედიის უკან დგას. ჩვენ ვართ რუსეთი და მათ ვებრძვით სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში [რუსეთი ასე უწოდებს ომს უკრაინაში] როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე მათთვის, ვინც ისწრაფვის ნამდვილი ჭეშმარიტი თავისუფლებისაკენ", - თქვა პუტინმა.
ცნობისთვის, 29 ოქტომბერს თელ-ავივიდან სამგზავრო თვითმფრინავის დაშვების წინ, მაჰაჩყალის აეროპორტში ასეულობით ადამიანი შეიკრიბა ანტისემიტურ აქციაზე. სიტუაცია უკონტროლო გახდა. ისმოდა ანტისემიტური ლოზუნგები, აფრიალებდნენ პალესტინის დროშებს, გავრცელდა კადრები, რომელთა მიხედვითაც მომიტინგეები ისროდნენ ქვებს. იხილეთ ასევე: